სიახლეები
02 სექტემბერი 2018

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი "წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო"

2018 წლის თებერვლიდან თბილისის მედიათეკების გაერთიანების სამივე ფილიალში იგეგმება ყოველკვირეული ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი. მოდერატორი: დრამატურგი ოთარ პერტახია, მედიათეკის მკითხველს გააცნობს ქართველი და უცხოელი ავტორის მხატვრულ ნაწარმოებს,რომელიც კინოსა და თეატრის ცნობილი რეჟისორებისათვის ხშირად წარმატებული, უფრო მეტიც, გენიალური ფილმებისა და სპექტაკლებისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. შერჩეული თემის მიხედვით, ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიდან,რომელსაც საფუძვლად დაედო ლექციაზე განხილული რომელიმე კონკრეტული ავტორის ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები. მოწვეული კომპეტენტური სტუმრების და პროექტის მონაწილეების ჩართულობით, გაიმართება თემის განხილვა. ( სტუმრები: კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე) ისაუბრებენ წიგნის, როგორც ინსპირაციის წყაროს მნიშვნელობაზე და არა მხოლოდ ხელოვანებისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანის (მკითხველის) ცხოვრებაში. ოთარ პერტახია სცენარისტი, დრამატურგი. წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო). მონაწილეობდა ტრენინგში IFA-SC - სამხრეთკავკასიის კინოპროექტებისა და სცენარების განვითარება და ტრენინგ-სემინარში „თანამედროვე ევროპული კინოწარმოება და კინოინდუსტრია“, პროგრამა „AVANTI“-ს ფარგლებში, ორგანიზებული შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ. 2014 წელს მისი სცენარით გადაღებული აზერბაიჯანული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „Down the River“ /რეჟ. ასიფ რუსტამოვი/, მსოფლიო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში „East of the West“. ფილმი არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე, სადაც მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის ლოს-ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „SEEfest“ ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის (აღნიშნული ფესტივალი ტარდება ამერიკის კინოაკადემიის განსაკუთრებული მხარდაჭერით); ვენის საერთაშორისო კინოფესტივალის „LET’S CEE“ ჯილდო - პერსპექტიული დებიუტისთვის; აზერბაიჯანის პროფესიონალ რეჟისორთა, მსახიობთა და პროდიუსერთა ნაციონალური გილდიის მთავარი ჯილდო „გიზილ პერი“ („ოქროს ნიმფა“) საუკეთესო დებიუტისთვის და სხვ. 2014 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი სახელწოდებით „პრელუდია“ (რეჟ. ანი ჟღენტი), რომლის სცენარის ავტორია ოთარ პერტახია, მონაწილეობდა საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალზე „სესილი“. არის არაერთი გახმაურებული პიესის ავტორი, მათ შორის: „ლიფტში“, „სისხლიანი მერი“, „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ და სხვ. მისი პიესები დადგმულია თბილისის სხვადასხვა თეატრში. 2013 წელს დრამატურგების საერთაშორისო ფესტივალზე „Restoration of the Present“ (სომხეთი, ქ. ერევანი), პიესა „ლიფტში“ ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა და კრიტიკის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამჟამად კინოსტუდია „ქართული ფილმი“ იღებს პირველ ქართულ-თურქულ მხატვრულ ფილმს „ხიდი“, რომლის სცენარის ავტორია ოთარ პერტახია, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი, ფილმის პრემიერა 2018 წლის ბოლოსაა ჩანიშნული. ყოველი შეხვედრის თემა და ლოკაცია, წინასწარ გამოცხადდება და გაიგზავნება დარეგისტრირებულ წევრებთან. პროექტზე დასწრების მსურველები უნდა იყვნენ ან გახდნენ მედიათეკის წევრები, მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედი С ბარათი (ღირებულება 15 ლარი, მოქმედების ვადა 1 თვე) და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია > https://goo.gl/forms/r2prLXkgDHhyLF993